მეთოდოლოგია

Agile თუ Waterfall: რომელი ავირჩიოთ ქართულ კომპანიაში

22 აგვისტო, 2026 · 6 წუთის საკითხავი

Agile თუ Waterfall: რომელი ავირჩიოთ ქართულ კომპანიაში

კითხვა "Agile თუ Waterfall" ისე ისმის, თითქოს ამ ორ მიდგომას შორის უნდა აირჩიოთ. სინამდვილეში ეს უფრო ტექნიკური არჩევანია და დამოკიდებულია ერთ რამეზე: რამდენად ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ.

სად მუშაობს Waterfall

პროგნოზირებადი მიდგომა მუშაობს, როცა:

  • საბოლოო შედეგი ცნობილია და ყოველი ცვლილება ძვირია
  • არსებობს მარეგულირებელი ან სახელშეკრულებო მოთხოვნები
  • სამუშაოს თანმიმდევრობა ფიზიკურად განსაზღვრულია

მშენებლობა კლასიკური მაგალითია. საძირკველს ვერ შეცვლით მეხუთე სართულზე მუშაობისას. აქ დეტალური დაგეგმვა არა ბიუროკრატიაა, არამედ აუცილებლობა.

იგივე ეხება პროექტებს, სადაც კონტრაქტი ფიქსირებულ scope-სა და ფასს ითვალისწინებს. ასეთ პროექტში "მოთხოვნების გზადაგზა დაზუსტება" ნიშნავს ხანგრძლივ მსჯელობებს.

სად მუშაობს Agile

ადაპტური მიდგომა მუშაობს, როცა:

  • ზუსტად არ იცით, რა უნდა მომხმარებელს
  • ცვლილება იაფია
  • შუალედური შედეგის ჩვენება შესაძლებელია

პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება იდეალური მაგალითია. ორ კვირაში მუშა ვერსიის ჩვენება და უკუკავშირის მიღება უფრო იაფია, ვიდრე ექვსი თვის შემდეგ იმის აღმოჩენა, რომ არასწორ პროდუქტს ქმნიდით.

ქართული კონტექსტი

ორი დაკვირვება, რომლებიც ადგილობრივ პრაქტიკას ეხება.

პირველი: ბევრი ორგანიზაცია ამბობს, რომ Agile-ზე მუშაობს, სინამდვილეში კი მხოლოდ ყოველდღიური შეხვედრები აქვს დანერგილი. მხოლოდ Stand-up შეხვედრების ჩატარება Agile მიდგომით მუშაობას არ ნიშნავს. Agile მიდგომით მუშაობისას პრიორიტეტები უკუკავშირის საფუძველზე იცვლება.

მეორე: სახელმწიფო და დონორული პროექტების უმეტესობა ფიქსირებულ scope-სა და ბიუჯეტს ითვალისწინებს. ასეთ პროექტში სუფთა Agile ვერ იმუშავებს, როგორც არ უნდა გინდოდეთ. კონტრაქტი განსაზღვრავს მიდგომას და არა პირიქით.

ჰიბრიდი

პრაქტიკაში პროექტების უმეტესობა ჰიბრიდულია და ეს სრულიად ნორმალურია.

ტიპური მოდელი: ზოგადი გეგმა და ბიუჯეტი პროგნოზირებადია, შესრულება კი იტერაციული ანუ ეტაპობრივი. მაგალითად, ERP-ის დანერგვა - ეტაპები და ვადები წინასწარ განსაზღვრულია, თითოეული მოდულის კონფიგურაცია კი სპრინტებში მიმდინარეობს. PMP-ის გამოცდა სწორედ ამ რეალობას ასახავს. კითხვების დაახლოებით ნახევარი agile ან ჰიბრიდულ კონტექსტშია.

ოთხი კითხვა სწორი არჩევანისთვის

  1. იცით თუ არა ზუსტად, რას ქმნით? თუ დიახ - პროგნოზირებადი. თუ არა - ადაპტური.
  2. რა ჯდება ცვლილება? თუ ძვირი - პროგნოზირებადი. თუ იაფი - ადაპტური.
  3. რას ითვალისწინებს კონტრაქტი? ფიქსირებული scope და ფასი პრაქტიკულად გამორიცხავს სუფთა Agile-ს.
  4. შეგიძლიათ თუ არა შუალედური შედეგის ჩვენება? თუ არა, იტერაციულობა აზრს კარგავს.

თუ პასუხები სხვადასხვა მიდგომაზე მიუთითებს, ჰიბრიდული მიდგომა აირჩიეთ.

რაც მთავარია

მეთოდოლოგია ინსტრუმენტია და არა იდენტობა. პროექტის მენეჯერი, რომელიც მხოლოდ ერთ მიდგომას ფლობს, პროექტების უმეტესობას ცუდად მართავს.

დაკავშირებული კურსი

PMP-ის ინდივიდუალურ-ინტენსიური კურსი

14 სესია, 5 საცდელი გამოცდა და PMI-ის განაცხადის მომზადება, სრულად ქართულად.

მსგავსი სტატიები

PMP-ის სიტუაციური კითხვები: როგორ ავირჩიოთ საუკეთესო პასუხი

PMP-ის სიტუაციური კითხვები: როგორ ავირჩიოთ საუკეთესო პასუხი

უპასუხეთ PMP-ის 5 სიტუაციურ კითხვას და გაეცანით ახსნას. გაიგეთ, როგორ შეადაროთ პასუხები და აირჩიოთ საუკეთესო მოქმედება გამოცდისთვის მომზადებისას.

ტრანსნაციონალური დანაშაული და მოწოდების ჯაჭვი

ტრანსნაციონალური დანაშაული და მოწოდების ჯაჭვი

კრიმინალური ქსელები არ მოქმედებენ მოწოდების ჯაჭვს მიღმა. ისინი კანონიერ ჯაჭვს იყენებენ. სად შედიან, როგორ გამოიყურება ეს პროცესი შიგნიდან და რომელი ნიშნები უნდა ამოიცნოთ პირველად.

ყველა სტატია