სერტიფიცირება

PMP, CAPM თუ PRINCE2 - რომელი ჯობია ქართულ ბაზრისთვის

15 სექტემბერი, 2026 · 8 წუთის საკითხავი

PMP, CAPM თუ PRINCE2 - რომელი ჯობია ქართულ ბაზრისთვის

მოკლე პასუხი:

  • თუ სამ წელზე მეტია პროექტებს ხელმძღვანელობთ - PMP.
  • თუ არა - CAPM.
  • PRINCE2 - მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტული დამსაქმებელი ან დონორი ითხოვს.

თუ სამივე ერთნაირად მიმზიდველად გეჩვენებათ, ჯერ არ გაქვთ განსაზღვრული, რომელ კითხვას პასუხობთ. ეს ბლოგი სწორედ ამაში დაგეხმარებათ.

სამივე სხვადასხვა რამეს ადასტურებს

ეს სამი სახელი ხშირად ერთ სიაში ხვდება, თითქოს ერთმანეთის ალტერნატივა იყოს. რეალურად კი ასე არ არის.

PMP ადასტურებს, რომ უკვე მართავდით პროექტებს. მართვის გამოცდილება სერტიფიცირების წინაპირობაა და არა შედეგი. თავად გამოცდა ამოწმებს არა იმას, რა გახსოვთ, არამედ იმას, თუ როგორ იღებთ გადაწყვეტილებას მაშინ, როცა სრული ინფორმაცია არ გაქვთ.

CAPM ადასტურებს, რომ იცნობთ პროექტის მართვის ლოგიკასა და ტერმინოლოგიას. სამუშაო გამოცდილება საერთოდ არ მოითხოვება.

PRINCE2 ადასტურებს, რომ იცით ერთი კონკრეტული მეთოდოლოგია: ვინ რას წყვეტს, რომელ ეტაპზე და რომელი დოკუმენტით. გამოცდილება არც აქ მოითხოვება.

ერთი განსხვავება განსაზღვრავს დანარჩენს: PMP-ს გამოცდილების გარეშე ვერ აიღებთ, დანარჩენ ორს კი შეგიძლიათ. ამიტომ კითხულობს მათ დამსაქმებელი სხვადასხვანაირად. PMP-ის შემთხვევაში სერტიფიკატი თავად არის გამოცდილების დადასტურება, რადგან PMI ამოწმებს განაცხადს და შერჩევით ატარებს აუდიტს. PRINCE2 Foundation კი იმას ადასტურებს, რომ სახელმძღვანელო წაიკითხეთ და გამოცდა ჩააბარეთ.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ

PMI-ს PMP-ისთვის რამდენიმე გზა აქვს. ცხრილში ორი ყველაზე გავრცელებული გზაა ნაჩვენები. სრული სია და მიმდინარე პირობები pmi.org-ზეა და ისინი განაცხადის შევსებამდე აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ.

მინიმალური პირობასწავლების საათებიგამოცდილება
PMPბაკალავრი + 36 თვე პროექტის ხელმძღვანელობა, ან სრული ზოგადი განათლება + 60 თვე35-საათიანი სასწავლო კურსისავალდებულო
CAPMსრული ზოგადი განათლება23-საათიანი სასწავლო კურსიარ მოითხოვება
PRINCE2 Foundationარაფერიარ მოითხოვებაარ მოითხოვება
PRINCE2 PractitionerFoundation-ის ჩაბარებაარ მოითხოვებაარ მოითხოვება

აქ ერთი პრაქტიკული დეტალია, რომელიც უმეტეს შედარებაში საერთოდ არ ჩანს: აქტიური CAPM გათავისუფლებთ PMP-ის 35-საათიანი სასწავლო კურსის მოთხოვნისგან. ანუ თუ დღეს გამოცდილება არ გაქვთ და CAPM-ს აიღებთ, ორი წლის მერე PMP-ზე ცალკე მოსამზადებელ საათებს აღარ იღებთ.

რა ჯდება

PMI-ის წევრობა წელიწადში დაახლოებით 139-159 USD ღირს და გამოცდის საფასურს 230 USD-ით ამცირებს. ანუ გამოცდამდე გაწევრიანება, სულ მცირე, უბრალოდ იაფია, სხვა სარგებელს რომ თავი დავანებოთ. ამასთან, წევრობა მოიცავს PMBOK Guide-ის ციფრულ ვერსიას, ამიტომ ცალკე ყიდვას აზრი არ აქვს.

გამოცდის საფასურიგანახლება
PMP445 USD PMI-ის წევრისთვის, 675 USD არაწევრისთვის60 PDU სამ წელიწადში, პლუს 60 USD წევრისთვის და 150 USD არაწევრისთვის
CAPM225 USD წევრისთვის, 300 USD არაწევრისთვისPDU-ები სამწლიან ციკლში
PRINCE2 Foundationდაახლოებით 395 USDარ იწურება
PRINCE2 Practitionerდაახლოებით 565 USDსამი წელი, შემდეგ PeopleCert-ის გამოწერა ან ხელახალი გამოცდა

გამოცდის საფასურები დოლარშია და მსოფლიოს მასშტაბით ერთნაირია. ის, რაც რეალურად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, მომზადების ღირებულებაა. საფასურები იცვლება, ამიტომ გადახდამდე pmi.org-სა და peoplecert.org-ს გადახედეთ.

რა შეიცვალა 2026 წელს

სამივე მიმართულებაზე ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა და ინტერნეტში დარჩენილი შედარებების უმეტესობა ძველ სურათს აღწერს.

2024 წლის აგვისტო. PMI-მ CAPM-დან სრულად ამოიღო 1500-საათიანი გამოცდილების ალტერნატიული გზა. დღეს CAPM-ზე შესვლის ერთადერთი გზა 23-საათიანი სასწავლო კურსია.

2026 წლის 9 ივლისი. PMP-ის გამოცდა განახლდა ახალი Exam Content Outline-ით და გადანაწილებული დომენებით. ეს პირდაპირ ეხება იმას, თუ რომელი წიგნით და რომელი მასალით ემზადებით.

2026 წლის 6 აგვისტო. PMI-მ გამოცდის საფასური გაზარდა. წევრსა და არაწევრს შორის სხვაობა 230 USD-მდე გაიზარდა.

თუ მოსამზადებელ კურსს ირჩევთ, ერთი კითხვა დასვით: რომელ Exam Content Outline-ზეა აგებული პროგრამა. თუ პასუხი ბუნდოვანია, ეს უკვე პასუხია.

ქართული კონტექსტი

აქ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ქართულ ბაზარზე რომელი სერტიფიკატი რამდენად ფასობს, ეს ისეთი კითხვაა, რომელზეც მონაცემი არავის აქვს გამოქვეყნებული. ვინც მტკიცებით პასუხს გაძლევთ, გამოგონილ პასუხს გეუბნებათ.

რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ესაა შემდეგი. სანამ რამეს გადაიხდით:

  • მოძებნეთ jobs.ge-ზე, hr.ge-სა და LinkedIn-ზე ის პოზიციები, რომლებზეც ორი წლის მერე გინდათ იყოთ. ნახეთ, რომელ პოზიციებზეა სერტიფიკატი ნახსენები და რომელზე არა.
  • ჰკითხეთ თქვენს დამსაქმებელს, ანაზღაურებს თუ არა და რომელს. ბევრ კომპანიას აქვს სასწავლო ბიუჯეტი, რომელსაც უბრალოდ არავინ ითხოვს.
  • თუ დონორულ ან საერთაშორისო პროექტებში მუშაობთ, გაარკვიეთ კონკრეტულად თქვენს სექტორში რომელი სერტიფიკატია მოთხოვნადი. მოთხოვნა ხშირად კონკრეტული ორგანიზაციიდან მოდის და არა ზოგადად ბაზრიდან.

ეს სამი ნაბიჯი ერთ საღამოს წაიღებს და გაცილებით მეტს გეტყვით, ვიდრე ნებისმიერი სტატია, ამ სტატიის ჩათვლით.

როგორ ავირჩიოთ

გაქვთ სამ წელზე მეტი პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება და უმაღლესი განათლება. მაშინ PMP.

გაქვთ სამ წელზე ნაკლები ან საერთოდ არ გაქვთ. მაშინ CAPM.

კონკრეტული კომპანია ან მეთოდოლოგია ითხოვს PRINCE2-ს. მაშინ PRINCE2. ამ შემთხვევაში საკითხი ამოწურულია და შედარებას აზრი არ აქვს.

გინდათ პროექტების მართვა ისწავლოთ და სერტიფიკატი მეორეხარისხოვანია. არცერთი, ჯერჯერობით. აიღეთ ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამა, იმუშავეთ ორი წელი რეალურ პროექტებზე და მერე დაუბრუნდით ამ კითხვას. გამოცდაზე ორიენტირებული მომზადება იმას გასწავლით, როგორ ჩააბაროთ გამოცდა. ეს ცალკე უნარია.

რას არ გიხსნით არცერთი მათგანი

არცერთი სერტიფიკატი სამსახურს არ გაძლევთ. ის, რასაც რეალურად აკეთებს, სამი რამეა: გაატარებთ HR-ის ფილტრში, გაძლევთ საერთო ენას საერთაშორისო გუნდებთან და ხელფასზე მოლაპარაკებაში გაძლევთ არგუმენტს, რომელიც თქვენს პირად შთაბეჭდილებას არ ებრუნება.

PMA-ს PMP მოსამზადებელი პროგრამა იმ ადამიანებისთვისაა, ვინც უკვე აკმაყოფილებს PMI-ის მოთხოვნებს. თუ არ ხართ დარწმუნებული, აკმაყოფილებთ თუ არა, მოგვწერეთ და გამოცდილებას ერთად გადავხედავთ. თუ ჯერ არ აკმაყოფილებთ, ამასაც გეტყვით.

დაკავშირებული კურსი

PMP მოსამზადებელი კურსი

14 ცოცხალი სესია, 5 საცდელი გამოცდა და PMI-ის განაცხადის მომზადება, სრულად ქართულად.

მსგავსი სტატიები

PMP სერტიფიცირება საქართველოში: სრული გზამკვლევი

PMP სერტიფიცირება საქართველოში: სრული გზამკვლევი

ვინ შეიძლება ჩააბაროს PMP, რა ჯდება სულ, რამდენი დრო სჭირდება და რა ხდება აუდიტის შემთხვევაში. ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ განაცხადის შევსებამდე.

ყველა სტატია