კრიტიკული გზა არის ურთიერთდაკავშირებული სამუშაოების ყველაზე გრძელი თანმიმდევრობა პროექტში. ის განსაზღვრავს პროექტის მინიმალურ ხანგრძლივობას.
ეს არის PMP-ის გამოცდის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი თემა და ერთდროულად ის ნაწილი, რომელსაც პრაქტიკაში ყველაზე ხშირად არასწორად იყენებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი
თუ კრიტიკულ გზაზე მყოფი სამუშაო ერთი დღით დაგვიანდა, პროექტიც ერთი დღით დაგვიანდება. ეს ავტომატურია.
თუ სამუშაო კრიტიკულ გზაზე არ არის, მას აქვს float - დროის მარაგი. ის შეიძლება დაგვიანდეს float-ის ფარგლებში ისე, რომ პროექტის ვადა არ შეიცვალოს.
პრაქტიკული შედეგი: როცა რესურსი შეზღუდულია, ის კრიტიკულ გზაზე უნდა გადაიტანოთ. სამუშაო, რომელსაც 10-დღიანი float აქვს და გავლენას არ ახდენს მთლიანი პროექტის დასრულებაზე, შეიძლება მოგვიანებითაც გაკეთდეს.
გამოთვლა ნაბიჯ-ნაბიჯ
ნაბიჯი 1: ჩამოწერეთ სამუშაოები და დამოკიდებულებები
თითოეული სამუშაოსთვის მიუთითეთ ხანგრძლივობა და ის სამუშაოები, რომლებიც მის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.
ნაბიჯი 2: დახაზეთ ქსელური დიაგრამა
სამუშაოები კვადრატებით აღნიშნეთ, დამოკიდებულებები კი ისრებით აჩვენეთ, საწყისი წერტილიდან საბოლოომდე.
ტერმინები: Early Start (ES) - დაწყების ყველაზე ადრეული დრო, Early Finish (EF) - დასრულების ყველაზე ადრეული დრო, Late Start (LS) - დაწყების ყველაზე გვიანი დრო, Late Finish (LF) - დასრულების ყველაზე გვიანი დრო.
ნაბიჯი 3: Forward pass - ადრეული თარიღები
დაიწყეთ საწყისი წერტილიდან და იმოძრავეთ წინ.
- Early Start (ES) პირველი სამუშაოსთვის = 0
- Early Finish (EF) = ES + ხანგრძლივობა
- შემდეგი სამუშაოს ES = წინა სამუშაოს EF
თუ სამუშაოს რამდენიმე წინამორბედი აქვს, აიღეთ უდიდესი EF.
ნაბიჯი 4: Backward pass - გვიანი თარიღები
დაიწყეთ ბოლო წერტილიდან და იმოძრავეთ უკან.
- Late Finish (LF) ბოლო სამუშაოსთვის = მისივე EF
- Late Start (LS) = LF - ხანგრძლივობა
- წინა სამუშაოს LF = შემდეგი სამუშაოს LS
თუ სამუშაოს რამდენიმე მომდევნო სამუშაო აქვს, აიღეთ უმცირესი LS.
ნაბიჯი 5: გამოთვალეთ float
Float = LS - ES (ან LF - EF, შედეგი იგივეა)
ნაბიჯი 6: იპოვეთ კრიტიკული გზა
ყველა სამუშაო, რომლის float-იც ნულია, კრიტიკულ გზაზეა.
სამი ტიპური შეცდომა
პირველი შეცდომა: კრიტიკული გზა ერთია
პროექტს შეიძლება რამდენიმე კრიტიკული გზა ჰქონდეს, ერთი და იმავე ხანგრძლივობით. ეს ზრდის გადავადების რისკებს, რადგან შეფერხების წყარო შეიძლება რამდენიმე იყოს.
მეორე შეცდომა: კრიტიკული გზა უცვლელია
კრიტიკული გზა პროექტის მიმდინარეობისას იცვლება. თუ არაკრიტიკული სამუშაო საკუთარ float-ზე მეტად დაგვიანდა, ის კრიტიკული ხდება.
ამიტომ კრიტიკული გზა ერთხელ კი არ გამოითვლება, არამედ ყოველი განახლებისას გადაითვლება ხოლმე.
მესამე: float ეკუთვნის სამუშაოს
Float ეკუთვნის გზას და არა ცალკეულ სამუშაოს. თუ ორ თანმიმდევრულ სამუშაოს 5-5-დღიანი float აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ჯამში 10 დღე გაქვთ. თუ პირველმა 5 დღე გამოიყენა, მეორის float ნულდება.
ეს ყველაზე ხშირი შეცდომაა პრაქტიკაშიც და გამოცდაზეც.
გრაფიკის შემჭიდროება
როცა პროექტი დაგეგმილ ვადას სცდება, ორი ვარიანტია და ორივე მხოლოდ კრიტიკულ გზაზე მუშაობს.
Crashing - რესურსის დამატება ხანგრძლივობის შესამცირებლად და ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, ზრდის ხარჯს.
Fast tracking - თანმიმდევრული სამუშაოების პარალელურად შესრულება. ზრდის რისკს, რომ ხარისხი შეიძლება სათანადო არ იყოს.
არაკრიტიკულ სამუშაოზე რესურსის დამატება პროექტს არ აჩქარებს. ეს თითქოს ცალსახაა, თუმცა პრაქტიკაში სწორედ ეს ხდება ხშირად.
პროგრამული უზრუნველყოფა
MS Project და მსგავსი ინსტრუმენტები კრიტიკულ გზას ავტომატურად ითვლიან. ეს არ ნიშნავს, რომ გამოთვლის გაგება საჭირო არ არის.
პროგრამა ითვლის იმას, რაც შეიყვანეთ. თუ დამოკიდებულებები არასწორად აღწერეთ, შედეგიც არასწორი იქნება და ამას მხოლოდ მაშინ შეამჩნევთ, თუ იცით, როგორ უნდა გამოიყურებოდეს სწორი პასუხი.



