შესყიდვების პროცესში რისკის ამოცნობა იშვიათად ხდება ერთი აშკარა ნიშნით. ჩვეულებრივ, ეს რამდენიმე მცირე დეტალის დაგროვებაა, რომელთაგან თითოეული ცალკე აღებული უწყინარია.
ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები ყველა ტიპის შესყიდვის შესამოწმებლად გამოგადგებათ. რისკის დონე თქვენი საქმიანობის ტიპსა და მოცულობაზეა დამოკიდებული.
ბაზრის კვლევა და ტენდერი
- ბაზრის კვლევაში მონაწილეობს მხოლოდ ერთი ან ორი მომწოდებელი
- შეთავაზებები მიღებულია ისტორიისა და რელევანტური გამოცდილების არმქონე კომპანიებისგან ან მწარმოებლისგან
- ბაზრის კვლევაში ან ტენდერში მონაწილე კომპანიებს აქვთ იდენტური საკონტაქტო მონაცემები
- სატენდერო პირობები ბუნდოვანია და იძლევა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას
- ტენდერში ჩადებულია კონკრეტულ მწარმოებელზე ან მომწოდებელზე მორგებული პირობები
- შესყიდვის პირობა ან ბიუჯეტი იცვლება დაკონტრაქტებამდე რამდენიმე დღით ადრე
ფასწარმოქმნა
- მომწოდებელი გთავაზობთ საბაზრო ფასთან შედარებით ძალიან დაბალ ან ძალიან მაღალ ღირებულებას
- ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანიების შეთავაზებული ღირებულება უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისგან
- შესყიდვის გამოცხადება ხდება ისეთ ღირებულებაზე, რომელიც არ ეწინააღმდეგება პირდაპირი შესყიდვის ან დამატებითი დასტურის წესს, და ამის გამო ტენდერი იყოფა რამდენიმე ლოტად ან ეტაპად
- ინვოისები დუბლირებულია ან დამრგვალებული თანხებით გამოიწერება (5 000, 10 000 და ა.შ.)
ანგარიშსწორება და დოკუმენტაცია
- წინასწარი ანგარიშსწორება ხდება გადამოწმების ეტაპების გარეშე
- შესყიდვისთვის ან ტენდერისთვის აუცილებელი დოკუმენტების არქონა ან დაკარგვა
- სისტემატიური არაგეგმიური შესყიდვა, სტანდარტული პროცედურების გვერდის ავლით
- აუდიტის პროცესში მონაწილეობისთვის მიზანმიმართულად თავის არიდება და პროცესის გაჭიანურება
პასუხისმგებლობის გამიჯვნა
- ერთი და იგივე პირი აცხადებს, ამტკიცებს და იბარებს მომსახურებას ან შესყიდვას
- ინტერესთა კონფლიქტი ტენდერის გამომცხადებელსა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შორის, ნათესაური ან სხვა კავშირი
ურთიერთობები
- შემსყიდველის ზედმეტად ახლო და ფამილარული ურთიერთობის ჩამოყალიბება მომწოდებელთან ან კონტრაქტორთან
- სხვადასხვა ტიპის ძვირადღირებული საჩუქრების მიღება მომწოდებლისგან
- მომწოდებელი ან შემსყიდველი მუდმივად არიდებს თავს ოფიციალურ კომუნიკაციას ელ. ფოსტით და გიკავშირდებათ სხვადასხვა აპლიკაციით. მნიშვნელოვანი ინფორმაციის დასტური გაბნეულია და ძნელად ან საერთოდ მიუკვლეველია
სისტემა და აღრიცხვა
- შესყიდვის აღრიცხვის სისტემის ან მეთოდის არარსებობა
- არ არსებობს მომწოდებლების აღრიცხვის ან შეფასების კრიტერიუმები
- შესყიდვების საოპერაციო ინფორმაციის აღრიცხვა არ ხდება სისტემურად
რას აკეთებთ შემდეგ
ამ ნიშნებიდან არცერთი ცალკე აღებული არ ნიშნავს დარღვევას. სამი ან ოთხი მათგანი ერთსა და იმავე შესყიდვაში კი უკვე მიზეზია დამატებითი შემოწმებისთვის.
პრაქტიკული რჩევა: მოარგეთ ეს ჩამონათვალი საკუთარ ორგანიზაციას და მისი დახმარებით ბოლო ათი შესყიდვა შეამოწმეთ. შედეგი ჩვეულებრივ იმაზე მეტს გეუბნებათ, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკის დოკუმენტი.



